თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას, გუნდის კონსოლიდაციის შენარჩუნებისთვის მეტად უნდა ვიზრუნოთ
თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას, გუნდის კონსოლიდაციის შენარჩუნებისთვის მეტად უნდა ვიზრუნოთ

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკად წასვლა გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. 

წულუკიანის განმარტებით, პასუხისმგებლობის ნაკლებობა არც მანამდე იყო, თუმცა დღეს გუნდის კონსოლიდაციის შესანარჩუნებლად მეტად უნდა იზრუნონ.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან, პარტიიდან, ასე ვთქვათ, მთლიანად სცენიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება, ჩემთვის, როგორც 2011 წლის პირველი დღიდანვე მასთან ერთად პროცესში ჩართული ადამიანისთვის, ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა არც მანამდე გვაკლდა, შეიძლება ესეც ვთქვათ, ან ვიფიქროთ, თუ არ ვიტყვით, მაგრამ დღეს ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გუნდის კონსოლიდაცია შევინარჩუნოთ, გარკვეულ თემებზე, იქნება ეს საგარეო, თუ შიდა პოლიტიკის, რომლებზეც პოლიტიკური ლიდერების მიერ სხვადსხვანაირი გადაწყვეტილებებია მისაღები, ზოგი არის საშუალო მნიშვნელობის თემა, ზოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უფრო მეტი და  არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებები, აქამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი იყო უდავო ლიდერი, ეს ნამდვილად ასე იყო, იყო გარკვეული ფიქოლოგიური კომფორტი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს დააბალანსებს, ყველას მოუსმენს და შემდეგ მისი ხელმძღვანელობით მიიღება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.

ახლა, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გუნდის, საკუთარი თავის წინაშე და ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაც, თუ რა პოზიციებს დავიჭერთ. მაგალითად, როგორც დიდ ოჯახში, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, ყველა მას შეჰყურებსო რომ იტყვიან, მაინც იმედი გაქვს, იცი, რომ თუ შენ შეგეშალა, არის ადამიანი, ვინც ამას დააბალანსებს და მაინც გუნდს არ მისცემს შეცდომის საშუალებას უფრო გლობალურად. ეს ყველაფერი დღეს არის ჩვენზე, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.