თეა წულუკიანი - ბევრისთვის გასაოცარია, მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და მესამე ვადით მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობა, ეს რეალობაა
თეა წულუკიანი - ბევრისთვის გასაოცარია, მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და მესამე ვადით მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობა, ეს რეალობაა

„ქართული ოცნების“ პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და ეს პოზიცია უცვლელია, რომელსაც მომავალშიც არ ემუქრება ცვლილება. ეს არის ის, რომ ხალხის მიერ გაკეთებული არავითარი არჩევანის გადახედვა არ იქნება ჩვენ მიერ დაშვებული და განხილული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან არ განიხილება.

ამასთან, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვიღაცებისთვის მიუღებელია, თუმცა ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა.

„არავითარი ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის ჩვენი მხრიდან დაშვებული, არც იდეის დონეზე. რეალურად, საკითხი, რომელიც განხილვას ექვემდებარება და შეიძლება იყოს საერთო ხედვის გამონახვა არის საარჩევნო რეფორმა, უფრო სწორად ამ რეფორმის გაგრძელება. გახსოვთ 8 მარტის შეთანხმება, როდესაც არაერთი ადამიანისთვის ჩვენს რიგებში, მათ შორის ჩემთვისაც მიუღებელი მოდელი, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო, ჩაითვალა კარგ საარჩევნო მოდელად და ოპოზიციის მიერ მოწონებული და ჩვენს მიერ კომპრომისის გზით მიღებული 8 მარტის შეთანხმებით ეს არჩევნები ჩატარდა ამ მოდელით, შესაბამისად, ამ მოდელის შედეგად ჩატარებული შედეგების გადახედვა ჩვენი მხრიდან უბრალოდ დაუშვებელია, რადგან არავითარი ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტიამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ან „ქართულ ოცნებას“ არ მიუღია ის 48 პროცენტი, რაც ურნაში აღმოჩნდა არის აბსოლუტური სიცრუე. მესმის, ბევრისთვის გასაოცარია, მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და მესამე ვადით მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობა. ეს რეალობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.