თეა წულუკიანი - ბავშვთა დაცვა ძალადობისგან კომპლექსური საკითხია, რომელიც კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა UNICEF-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში − „სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა მიმართ და ოჯახური ძალადობის დაძლევისა და კეთილდღეობისათვის“ − მიიღო მონაწილეობა.
წულუკიანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბავშვთა დაცვის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვთა დაცვა ყველა სახის ძალადობისგან როგორც ოჯახში, ისე ოჯახის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთი კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს უწყებათაშორის მჭიდრო, კოორდინირებულ მუშაობას აღმასრულებელი ხელისუფლებისა თუ ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებზე გაამახვილა და ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვთა დაცვისთვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ბავშვებს არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მათზე პასუხისმგებელი პირები არ მიმართავდნენ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტის გაცემის თხოვნით; ეს კი, აფერხებდა მათ იდენტიფიცირებას, ჩართვას განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სერვისებში. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, 2016 წელს ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა, რომელთა საფუძველზეც შემოღებულ იქნა ცნება „მიუსაფარი ბავშვი“. მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უსასყიდლოდ გაცემის კუთხით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“ შეიქმნა შესაბამისი ბაზა და სამართლებრივი საფუძველი.
ამავე ცვლილებებით, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) ახალი პროცედურები დამტკიცდა, რამაც 2016 წლის სექტემბრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ უწყებათა წრე გააფართოვა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მუნიციპალიტეტებიც მოიცვა. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიმართ არსებული გამოწვევების შესწავლის, იდენტიფიცირებული მიუსაფარი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კი, იუსტიციის სამინისტრომ 2016-2017 წლებში საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებზე 79 000 ლარი გასცა.
იუსტიციის მინისტრმა განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ 18 წლამდე მოზარდების შესახებაც ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მუდმივად იმართება მოზარდების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები; შეიქმნა და შემუშავდა სპეციალური პროგრამები რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის. 2014-2017 წლებში სპეციალური პროგრამებით 1286-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა.
ღონისძიებაში იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები, სოციალური მომსახურების სააგენტო, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე, UNICEF მონაწილეობდნენ.