თეა წულუკიანი - ბაჩანა შენგელიამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტანდარტი დაარღვია და რამდენიმე კვირით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის ნებართვა
თეა წულუკიანი - ბაჩანა შენგელიამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტანდარტი დაარღვია და რამდენიმე კვირით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის ნებართვა

კონკრეტულმა ნოტარიუსმა, ბაჩანა შენგელიამ დროებითი წესი, „კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტანდარტი დაარღვია და რამდენიმე კვირით ჩამოერთვა საქმიანობის ნებართვა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, სანოტარო საქმიანობის დროებითი წესი, ძალიან მკაცრი პირობებით იმისთვის გამოიცა, რომ ნოტარიუსების საკმაოდ დიდი კლასტერი არ გაზრდილიყო და თავად ნოტარიუსებს გაეთავისებინათ, რომ ვირუსთან ბრძოლა არ არის მხოლოდ საჯარო მოხელეების თემა. 

„მათ შორის, ინსპექტირების ინსტიტუტი შემოვიდა. ამ კონკრეტულმა ნოტარიუსმა, ბაჩანა შენგელიამ ეს დროებითი წესი, „კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტანდარტი დაარღვია, ინსპექტირებამ ეს გამოავლინა და მას 15 ივლისამდე, ანუ რამდენიმე კვირით ჩამოერთვა ნებართვა. 15 ივნისს ამ აკრძალვას ვადა გაუვიდა და მან სანოტარო საქმიანობა გააგრძელა“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რით არის მოტივირებული ე.წ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულ ნოტარიუსს და ზოგადად, ნოტარიუსებს უზღუდავს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მოცემული კონკრეტული ნოტარიუსის, ბაჩანა შენგელიას გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე და როცა ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, მისი ძალისხმევით ბაჩანა შენგელია თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი.

„ამას არ მალავენ დეპუტატები, არც მოცემული კონკრეტული არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია მალავს, რომ ისინი ჯგუფელები არიან და სწორედ ამიტომ, მისი ვალია, ის დაიცვას. არაერთი დეპუტატია, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნას იყენებს და ამბობს, ჩემი ჯგუფელია და უნდა დავიცვა, აბა, რა უნდა ვქნაო. ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, რაც დასანანია. სხვა მხრივ, მან რომ შეძლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა, როგორც ამას ორასზე მეტი ნოტარიუსი აკეთებს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, ის შეძლებს, იყოს კარგი ნოტარიუსი, მაგრამ ის ამას ვერ, თუ არ აკეთებს“, – განაცხადა წულუკიანმა.