თეა წულუკიანი - აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი ქიმიური იარაღის გამოყენების აღსაკვეთად წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, ამგვარი ნაბიჯები საჭიროა
როდესაც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ქიმიური იარაღის გამოყენების აღსაკვეთად ან შესაზღუდად წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, რათა ეს მომავალში აღარ განმეორდეს, რა თქმა უნდა, ამგვარი ნაბიჯები საჭიროა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სირიაზე სარაკეტო იერიშზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება საკითხს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა საქართველოზე, იუსტიციის მინისტრის თქმით, არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საქართველოში სტაბილურობა გაგრძელდება.
„რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს ბევრი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენს მდგომარეობაზე. გვაქვს ყველა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის სტაბილურობა, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, მთავრობა და შესაბამისი სამსახურები ამისთვის მუშაობენ, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება საქართველოსა და ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე ეს უარყოფითად აისახება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.