ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აშშ-ის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის დარგობრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში ოჯახში ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის; იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პენიტენციური და სამართალდამცავი სისტემის მხარდასაჭერად იჩენდა.
თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში და ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ამჟამად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, რომელიც სპეციალური სერვისების შეთავაზებით, პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული. თეა წულუკიანმა აგრეთვე ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ექსტრადიციის სფეროში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რითაც ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი პარტნიორობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის.