თეა წულუკიანი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების განცხადება გასაკვირი არ არის
თეა წულუკიანი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების განცხადება გასაკვირი არ არის

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების განცხადება გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე დავის დროს, რუსეთი ამტკიცებდა, რომ არაფერ შუაში იყო.

„რუსეთის პროკურატურის ეს განცხადება, გასაკვირი არ არის. როდესაც საქართველოს სახელმწიფო რუსეთს ვედავებით, სტრასბურგის სასამართლოში მაისის თვეში მნიშვნელოვანი სხდომა ჩავატარეთ. ისინი ამბობდნენ და იმეორებდნენ იმავეს, რომ არაფერ შუაში არიან იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ხდება ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის, ეს არის მტკიცებულება, რომელიც უნდა იქნეს და იქნება გამოყენებული, როგორც ოჯახის, ასევე ჩვენ მიერ სტრასბურგის სასამართლოში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფოთა შორისი საჩივრის მომზადების ფაზაშია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს, ოჯახისა და ადვოკატებს შორის, თუნდაც მედიით ინფორმაციების გაცვლა, რადგან რეალურად ორივე საჩივარი შეეხება ერთი და იმავეს დამტკიცებას, რომ ეფექტურ კონტროლს იმ ტერიტორიაზე სწორედ რუსეთის სახელმწიფო ახორციელებს.  ვნახოთ, როგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ დიდ დროს წაიღებს, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.