თეა წულუკიანი - არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის, ეს არის ყალბი ინფორმაცია
თეა წულუკიანი - არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის, ეს არის ყალბი ინფორმაცია

არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის, ეს არის ყალბი ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წესი სუროგაციას უკავშირდება.

„მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრველებულ ყალბ ინფორმაციას, რომელიც ერთ-ერთმა ტელეარხმა გაავრცელა. ამ ყალბი ინფორმაციის უკან ჩემი აზრით, დგანან ის კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებენ სუროგაციის გზით უცხოელი წყვილების საქართველოში შემოყვანის ფარგლებში, როდესაც ხდება სუროგაციის გზით ბავშვების გაჩენა საქართველოში და შემდეგ მათი ქვეყნიდან გაყვანა. არავითარ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს. შესაბამისად, ვერ განხორციელდებოდა ის, რისი უფლებამოსილებაც მინისტრს არ აქვს. ამიტომ, არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის. ეს არის ყალბი ინფორმაცია და მინდა ყველა ექიმს მოუწოდო, პაციენტებს ნუ აშინებენ. ამ სფეროში არავითარი ახალი წესი შემოტანილი არ არის და ვერ იქნება მით უმეტეს, იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც არ არის უფლებამოსილი უწყება.

ახალი წესი, რომელიც იქნა შემოტანილი ეხება სუროგაციას. სუროგაციაში გვაქვს ასეთი ვითარება, რომ 100 პროცენტი იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში ითავსებს ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, ასეთი სუროგატი დედების 100 პროცენტი არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ის წყვილები, 98 პროცენტი და მეტი, ვინც საქართველოში სუროგაციის სერვისით სარგებლობს, არის უცხოელი. შესაბამისად, შემოდის წესი, სადაც წყვილი იქნება კვლავაც გაგებული ისევ, როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე ახალი წესი არის ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლოატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან. ამიტომაც, მოვითხოვთ, პირველი სექტემბრიდან, ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი ან შერეული წყვილები, ერთი წელი მაინც ფაქტობრივად  ცხოვრობდნენ ერთად, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე, რომ ჩვენ სახეზე გვქონდეს წყვილი, რომელსაც მართლა სურს ბავშვის ყოლა და აღზრდა, აქვს ან არ აქვს უშვილობის პრობლემა, მაგრამ სუროგაციის გზით უნდა ჰყავდეს შვილი აღსაზრდელად და არა იმისთვის, რომ გაიყვანოს საქართველოდან და შემდეგ ამ ბავშვის უფლებები დაირღვეს. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. ყველა ის ქალი იქნება დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, მათთან მიმართებაში იუსტიციის მინისტრი ვერავითარ ახალ წესს ვერ შექმნიდა, შეუძლიათ იყონ მშვიდად, მაგრამ ის კომპანიები, რომლებიც მილიონებს აკეთებენ იმაში, რომ სუროგაციის გზით ბავშვები, გაყინული ემბრიონები შემოიტანონ საქართველოში, შემდეგ გაჩნდნენ ჩვილები, ხანდახან აქვთ ცდუნება უკანონოდ გაიყვანონ საქართველოდან, მათთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საქართველო გააგრძელებს ბრძოლას“, – განაცხადა წულუკიანმა.