თეა წულუკიანი - არასოდეს მივცემთ დავიწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებს, საზოგადოებასაც და მათაც ყოველთვის შევახსენებთ, რა შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, რა განსხვავებები აჩვენა
არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ვინმეს მივცემთ შესაძლებლობას, დაივიწყოს წარსული, ვინაიდან არ არსებობს უკეთესი მომავალი, თუ არ გავაანალიზეთ წარსული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
„აქ ითქვა დღეს და როდესაც მომეცემა შესაძლებლობა, ვიყო პარლამენტში, ამას გავიმეორებ ძალიან ხშირად – ჩვენ არასოდეს მივცემთ დავიწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებს, ვინაიდან ძალიან სერიოზული ძალისხმევაა მათი მხრიდან, რომ წარსული, როცა ისინი ქვეყნის დესტაბილიზაციას ეწეოდნენ, ეწეოდნენ საბოტაჟს, ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვას, რომ ეს ყველაფერი მიეცეს დავიწყებას, ეს ვერ მოხდება. ჩვენ საზოგადოებასაც და მათაც ყოველთვის შევახსენებთ, თუ რა შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და რა განსხვავებები აჩვენა. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ვინმეს მივცემთ შესაძლებლობას, დაივიწყოს წარსული, ვინაიდან არ არსებობს უკეთესი მომავალი, თუ არ გავაანალიზეთ წარსული, თუ ამომრჩეველს არ ეცოდინება, რა იყო თავის დროზე ცუდი და რა უნდა იყოს მომავალში – ანუ მხოლოდ და მხოლოდ კარგი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.