თეა წულუკიანი - არასამთავრობოები, რომლებიც ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამაში გვეხმარებიან, ჩემთვის ნამდვილი სამოქალაქო სექტორია
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში გვეხმარებიან, ჩემთვის ნამდვილი სამოქალაქო სექტორია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა
„ისინი პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ და მათ ტელევიზიებში ვერ ნახავთ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ასეთია მაგალითად, ფონდი „აფზახეთი“, რომელიც დიდ საქმეს ჩუმად აკეთებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ციხეში არსებული კარგი პირობების მიუხედავად, პატიმრობა ძალიან დიდი წნეხია და იუსტიციის სამინისტრო მწირი ასიგნებების პირობებში ყოფილი პატიმრების ბიზნეს იდეების განსახორციელებლად მცირე გრანტებს მაინც გასცემს.
„გაგვიცია 1000 ლარიდან მაქსიმუმ, 6 000 ლარი ყველაზე მონდომებულ ბენეფიციარებზე, რომლებიც ბიზნეს გეგმებს წარმოადგენენ. სამინისტრომ ხუთი წლის განმავლობაში გრანტების სახით დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი გაიღო, რამაც მრავალმილიონიანი შედეგი მოიტანა. ბევრი ბენეფიციარი დღეს უკვე თავად ფლობს პატარა ბიზნესს, რომელიც იზრდება“, – განაცხადა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა სამომავლოდ გრანტების ბიუჯეტის გაზრდა, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ გრანტების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და მომავალშიც გაიზრდება.
„გრანტები სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბიუჯეტიდან გაიცემა და არ გვაქვს შესაძლებლობა, ბიუჯეტი შეხედულებების მიხედვით გავზარდოთ. თუმცა, ცენტრალური ბიუჯეტიდან რა თანხასაც ვიღებთ, გრანტების ბიუჯეტს ყოველწლიურად ვზრდით და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავზრდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ ხორციელდება მონიტორინგი, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება გრანტის სახით გაცემული თანხა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ თანხის სწორად განკარგვაში სამინისტროს არასამთავრობო სექტორი ეხმარება და მონიტორინგი ერთობლივად წარმოებს.
გადაცემაში სტუმრობისას, იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელს პროგრამით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.