თეა წულუკიანი - არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის გულდასაწყვეტი
არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გულდასაწყვეტია.
„რა თქმა უნდა, ეს არის გულდასაწყვეტი. ვატიკანში გახლდით, როდესაც ეს მოხდა და თქვენი დახმარებით, მედიის მეშვეობით შევიტყვე ამ ამბის შესახებ და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი. თუმცა, აქ საუბარია, როგორც აღმოჩნდა იმაზე, რომ ის სიმართლე თუ სიმართლეები, თუ კულუარები თუ კულისები, რაც გნებავთ, ის დაარქვით, არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში, ვერც პრემიერ-მინისტრის, ვერც პარლამენტის თავმჯდომარის, ვერც ვიცე-პრემიერის, მინისტრის თუ დეპუტატის მიერ, ვერასდროს ვერ არის ხოლმე და არ უნდა იყოს ბოლომდე გამოტანილი საზოგადოებაში. ეს არსად არ ხდება და ეს არ არის წესი. ამით, შეიძლება, სხვა რაღაც პროცესებს დაუდო სათავე, როდესაც ხარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, უფრო მეტი რეალობის და ინფორმაციის მიწოდების, უფრო მაღალი დოზით მიწოდების სურვილი გაუჩნდათ ჩვენს წევრებს და მათ დაგვტოვეს სწორედ ამ მიზნით. ვნახოთ, რა იქნება მათი სათქმელი, კიდევ მეტი ალბათ, ვიდრე მოვისმინეთ და რა თქმა უნდა, შეფასებებიც გაკეთდება შესაბამისი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრების თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.