თეა წულუკიანი - არ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოში არსებული უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, სოციალურ ქსელს საზოგადოებისთვის საკუთარი არგუმენტების გასაცნობად იყენებდნენ
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში არსებულ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, ინდივიდი, რომელიმე ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია სოციალურ ქსელს იყენებდეს, რათა საკუთარი არგუმენტები გააცნონ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ კომენტარით თეა წულუკიანი ფეისბუქ-გვერდებთან დაკავშირებით ატლანტიკური საბჭოს კვლევას გამოეხმაურა.
„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის არ არის ცნობილი ამგვარი ანგარიშებისა და ტროლების შესახებ, თუმცა ცნობილია იმის შესახებ, რომ მაგალითად, არ ვიცი, ვის მიერ შექმნილი ტროლები თუ ფეიკ, ეგრეთ წოდებული ანგარიშები, მაგალითად, მიზანმიმართულად ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეწეოდნენ ხოლმე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას. ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია (ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი), სოციალურ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი, რომელიღაც ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია იყენებდეს, რათა საკუთარი არგუმენტები გააცნონ საზოგადოებას.
ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან ფეისბუქზე ამგვარი ტროლების მსხვერპლი. კარგია, რომ ფეისბუქი ამაზე მუშაობს და ალბათ მომავალშიც დასჭირდება არა მხოლოდ საქარველოში, არამედ როგორც ვნახეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც ამგვარი ქმედება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, ტროლებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„არ მგონია, რომ რაიმე ტიპის უხერხულობა არსებობს, რადგან დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და ბოკერიები და სხვები, მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, ცდილობენ, თქვენ – საზოგადოებას, მოგყიდონ ტყუილი. სჯობს, ეს გააშუქოთ და ამაზე ისაუბროთ. „პანდას“ შესახებაც შევიტყვე მას შემდეგ, რაც „პანდამ“ აღშფოთებული საჯარო განცხადება გამოაქვეყნა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.