თეა წულუკიანი - არ მივიჩნევ, რომ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, რადგან ეს არ არის დამტკიცებული
მე არ მივიჩნევ, რომ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფო ჩაიდინა დანაშაული, რადგან ეს არ არის დამტკიცებული, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის კითხვას მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
„მაჩალიკაშვილზეც მკითხეთ, ბატონო სერგო. სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული და საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას თუ არა და ემხრობით თუ არაო. მე არ მივიჩნევ, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, რადგან ეს არ არის დამტკიცებული. თქვენ იძახით, ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცების გვარებს, ეს თქვენ დაადგინეთ თუ ვინ. ეჭვი არსებობს, კი ბატონო, მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა, თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით – ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს აქეთ-იქით. სხვა ნაკლები მოგვიძებნეთ, ყველას ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ არა ის, რაც არ გაგვიკეთებია“, – მიმართა სერგო რატიანს თეა წულუკიანმა.
დეპუტატის კითხვაზე, უნდა შეიქმნას თ არა მაჩალიკაშილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.
„საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია და გადაწყვიტეთ, მაგრამ მე თუ მეკითხებით ჩემს პოზიციას, ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად და დამიბარეთ, კითხვები ვერ შეიმუშავეთ. მაჩალიკაშვილის საქმეზე თუ კომისია შეიქმნება, არ ვიცი დამიბარებთ თუ არა, რა შუაში ვარ, მაგრამ დამიბარეთ თუ გნებავთ, მაგრამ ვისაც დაიბარებთ, კითხვები მაინც მოამზადეთ და წესიერად გამოიძიეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.