თეა წულუკიანი - არ არსებობს მოლოდინი, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, კორონავირუსი თავისით დაგვანებებს თავს, ამიტომ ყველამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უსტიციის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღინისძიებების ფარგლებში შესაბამისი ზომები მიიღო.
მინისტრის განმარტებით, მათ შორის ეს ეხება თანამშრომლების მიერ საკუთარი საქმიანობის დისტანციურად განხორციელებას.
„ჩვენ გუშინ გვქონდა იუსტიციის სამინისტროს სისტემის 30-მდე მთავარ მენეჯერთან შეხვედრა როგორც სსიპ-ებში, ასევე სამინისტროს აპარატში, პენიტენციურ სამსახურში და დავგეგმეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი არის სწორედ ის, რომ დღეს, დღის ბოლომდე გამოიკვეთოს არა ადამიანები, არამედ საქმიანობები, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სახლიდან.
ამ საქმიანობების განსაზღვრის შემდეგ, ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მოცემულ საქმიანობას ახორციელებს, მივცეთ ინსტრუაქცია,რომ ის აღარ გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და თავისი უფლებამოსილება განახორციელოს სახლიდან.
ასევე გუშინვე გაიცა ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ყოფნას, ან სხვა ქალაქში ყოფნას, ვიდრე ეს არის მისი სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტი. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ვისაც ეს შეეხება, სამუშაოს შეასრულებს ონლაინ სახლიდან“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციასთან და იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომ დათბობასთან ერთად, ვირუსი გაქრება.
წულუკიანის განცხადებით, ამის არავითარი მოლოდინი არ არსებობს და მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ გამოიჩინოს მაღალი დონის პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვის მიმართ.
„მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები არის კატეგორიულად მიუღებელი, უფრო მძიმე შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან არ არსებობს არავითარი მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ ტემპერატურის მომატებასთან ერთად ან ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად კორონავირუსი თავისით დაგვანებებს თავს.
ამგვარი გონივრული პროგნოზი არარსებულია. შესაბამისად, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი დონის პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების მიმართ“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს იცავენ.
ამასთან, რაც შეეხება მათ, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არ ემორჩილებიან, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა თავად არ გააჩნია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ასეთ პირებს სახელმწიფოს ენაზე მოეთხოვოთ პასუხი.
„თვითიზოლაციაში მყოფი არაერთი პირი, რამდენადაც ჩვენი უწყებებისთვის გახდა ცნობილი, არის უკმაყოფილო, ეს ერთია, მაგრამ მაინც იცავს რეჟიმს და მადლობა მათ. მაგრამ არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმს არღვევს და დღეს სწორედ თქვენ მოისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითება შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროსადმი, რომ ამ ადამიანებზე გამკაცრდეს კონტროლი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თუ კი ადამიანს თავად არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მაშინ ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს ენაზე მოვთხოვოთ პასუხი“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა.