საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად თეა წულუკიანი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და ანსამბლის წევრთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანსამბლს არაერთი პრობლემა აწუხებს, მაგრამ უპირველესი ამოცანა მის ინფრასტრუქტურას უკავშირდება. კერძოდ, „ერისიონისთვის“ გამოყოფილი ფართი კერძო საკუთრებაა, შენობა რესტავრაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს და ანსამბლის წევრებს შემოქმედებისთვის არ აქვთ ელემენტარული პირობები.
„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რათა ეს და სხვა პრობლემა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გადაიჭრას ანსამბლისთვის, რომელიც 135 წლისაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.