თეა წულუკიანი - ამომრჩევლის მიერ მოცემულ მანდატზე თუ უარს ამბობ, გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ბანაკის დაცემა პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა
თუ უარს ამბობ მანდატზე, რომელიც შენმა ამომრჩეველმა მოგცა, სავსებით გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ბანაკის დაცემა პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, პროტესტის სხვადასხვა ფორმისადმი მიმართვის უფლება კონსტიტუციით უზრუნველყოფილია.
„როდესაც ადამიანი ასეთ რადიკალურ ზომას მიმართავს და წყვეტს კვებას, ძალიან ძნელია, მას ჭკუა დაარიგო, ან რაღაც რჩევა მისცე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის მოსაწონი საქციელი, რადგან აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და ამავე დროს, საქციელიც არის გაუგებარი იქედან გამომდინარე, რომ თუკი თვლი, რომ აღარ უნდა იყო დეპუტატი და უარს ამბობ იმ მანდატზე, რომელიც შენმა ამომრჩეველმა მოგცა, სავსებით გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ამგვარი, მე ვიტყოდი ბანაკის დაცემა პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა. თუმცა, რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმისადმი მიმართვის უფლება არის უზრუნველყოფილი ჩვენი კონსტიტუციით და ძნელია, სხვა ადამიანი გააკრიტიკო პროტესტის ფორმის გამო.
აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაკვირვება მიმდინარეობდეს მის ჯანმრთელობაზე პარლამენტის შენობის შიგნით და ყველამ მოვუწოდოთ მასაც და ოპოზიციურ სპექტრსაც მეტი გონივრულობისკენ, რაც არ უნდა არ გვქონდეს ამ რჩევის გაზიარების იმედი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.