თეა წულუკიანი - ამომრჩეველი პირველი ტურის წინა დღეს არ გაბრაზებულა, სხვადასხვა მიზეზის გამო ნელ-ნელა ბრაზდებოდა და ბოლოს, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ
ამომრჩეველი ასე უცებ, პირველი ტურის წინა დღეს არ გაბრაზებულა, ის სხვადასხვა მიზეზის გამო, ნელ-ნელა ბრაზდებოდა და ბოლოს, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.
„მიზეზები ძალიან კარგად და ამომწურავად იყო ჩამოთვლილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში, როდესაც მან განცხადება გააკეთა და ძველ გვარდიას ბრძოლაში კვლავ ჩართვისკენ მოუწოდა. იქ მიზეზების მოკლე და კონკრეტული სია იყო, სადაც მიზეზები გააზრებულად იყო გაანალიზებული და არ შეიძლება, ამას არ დაეთანხმო. ამ სიიდან პირველ რიგში, იმას გამოვყოფდი, რომ ჩვენ UNICEF-ის ცნობილი კვლევა არ უნდა დაგვჭირვებოდა იმისთვის, რათა რეალობა დაგვეჯერებინა, რომ არის ბავშვების ფენა, რომელსაც შია და, რომელსაც წვდომა ერთ წიგნზეც კი არ აქვს“ – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ცივი შხაპი, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, უფრო ყინულის შხაპი იყო, ვიდრე უბრალოდ, ცივი შხაპი.
„ვფიქრობ, ეს კარგია იმისთვის, 29-ში დილიდან როგორ ჩავრთავთ ერთწლიან პერიოდს, რომელიც დაანონსდა. ერთი წლის ვადაა, როცა გუნდი უფრო ეფექტური, მოქნილი და ხალხზე ორიენტირებული უნდა გახდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პროკურატურას უფრო მეტი რესურსი მიეცემოდა, შეიძლებოდა, უფრო სწრაფად დაბრუნებულიყო წართმეული ქონებები, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია.
„ეს ყველაფერი რატომ ვერ მოხდა?! ალბათ, იმიტომ, რომ ვერ მოხდა კონსენსუსი, რომ ეს პრიორიტეტია. კონსენსუსი ვერ მოხდა იმაზე, რომ პროკურატურას უფრო მეტი ადამიანური რესურსი და ხელფასი უნდა მივცეთ, რათა უფრო სწრაფად იმუშაოს იმ ერთმა დეპარტამენტმა, რომელიც წართმეული ქონებების საქმეებს იძიებს, ან, იქ, სადაც ქონება უკვე გასხვისებულია და მას ვერ ვაბრუნებთ, ფინანსური, ან საგადასახადო ინსტრუმენტები მოგვეძებნა, რომ ბიზნესმენს, რომელიც დაატერორეს, სახელმწიფომ საშუალება გამოუძებნოს, ან შეღავათი სხვა მხრივ გაუწიოს და შვება მისცეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.