რასაც ახლა ვაკვირდებით, საზოგადოებაში ძალიან ხშირად ავტომატურად მიმდინარეობს ამ ამნისტიის პროექტის 2012 წლის ამნისტიასთან შედარება. მიუხედავად იმისა, რომ დარგობრივად ჩვენი კომპეტენცია არ არის, მოგვიწევს, თუნდაც ჩემი სახით ამ პროცესში ჩავერთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის ბიუროს დღევანდე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში ამნისტიის გაფართოების მოლოდინი არსებობს.
თეა წულუკიანის განმარტებით, პროექტზე მსჯელობისას საჭირო იქნება კითხვის დასმა, ხომ არ მისცენ ასევე შეღავათი იმ ადამიანებს, ვისაც გრძელვადიანი სასჯელი აქვთ. თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით ერთად იმუშავებენ.
„ჩვენ გვახსოვს და ბატონ მიხეილსაც, რომელიც ჩემი პირველი მოადგილე იყო, ახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის. ბატონმა არჩილმა ეს ასევე ძალიან კარგად იცის. დაგვჭირდება ალბათ კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ, რომ მეც ჩავერთო, რადგან არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორც იყო 2012 წლის. ვფიქრობ, აქ პასუხი მარტივია, ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, ვინც საერთოდ უმრავლესობა მათგანი დამნაშავეც კი არ იყო და იყო ციხეში.
მაგრამ ეს ვერაფერს შველის იმას, რომ არის მოლოდინი, ეს ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას, ალბათ ჩვენ დაგვჭირდება დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ ასევე შეღავათი იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ გრძელვადიანი სასჯელი და ვთქვათ, არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის, ეს კითხვის ნიშანი არის.
ამ კითხვის ნიშანს თუ ჩვენ არ დავსვამთ, საზოგადოება სვამს უკვე და თავს მოვიტყუებთ. ამიტომ ალბათ იურიდიულ კომიტეტში და თქვენთანაც კარგი იქნება, თუ ამ კითხვაზე ერთად ვიმუშავებთ, არის ეს საბოლოო ვერსია, თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ, რუსეთ-თურქეთის შემდეგ, საქართველო ევროსაბჭოს სივრცეში კვლავ არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს. სანამ თანამდებობას დავტოვებდი, იმ მდგომარეობით, დღეს ალბათ დიდად არ შეცვლილა, 7 500 მსჯავრდებული და 2 500 ბრალდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია.
ამას ვერ უშველის ვერც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან გავააქტიურეთ. ალბათ ყველას გსმენიათ ბოლო თვეებში რაოდენ პოპულარულია ე.წ. სამაჯური, რაც სინამდვილეში შინაპატიმრობაა, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს ამნისტიას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეწყალების ინსტიტუტი გახდა საკმაოდ პასიური. ამიტომ, მე თქვენის ნებართვით ჩავერთვებოდი თქვენს სამუშაოებში და ერთად ხომ არ ვნახოთ, რას ვაკეთებთ. ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, რადგან შეიძლება უფრო ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, მაგრამ გეტყვით, რომ აღნიშნული პროექტი ალბათ საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაკამაყოფილებელი ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აქვე, წულუკიანმა დასძინა, რომ წარმოდგენილ პროექტში არის ის, რაც 2012 წლის ამნისტიაში არ ყოფილა – სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია.
„აქაც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების მოსაზრებები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვინაიდან 2012 წელს მაშინდელმა ჩვენმა კანონმდებელმა დაივიწყა უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და დღეს მათ ეს მწარედ ახსოვთ, თქვენი ყველას სახელით ვუთხრა, ბატონი არჩილი იყო ასევე მათი დიდი გულშემატკვარი, რომ ამ პროექტით როგორც იქნა უვადო პატიმრები არ არიან დავიწყებული. ისინი ყოველ დღე თვალს ადევნებენ ამ კანონპროექტის შესახებ მსჯელობას. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრ იურისტზე უკეთეს იურისტებად ჩამოყალიბდნენ საპატიმროში, ძალიან კარგად ესმით ყველა ის ნიუანსი, რაც შეიძლება კანონპროექტში მათ შესახებ ეწეროს. ამიტომ ბატონ მიშას (მიხეილ სარჯველაძე) მადლობა მინდა ვუთხრა, რომ პატიმრების ეს სეგმენტი არ დაივიწყა და და ამ პროექტში არის ჩადებული“, – განაცხადა წულუკიანმა.
საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ჩართულობას მხოლოდ მიესალმება.
„მხოლოდ მივესალმები ჩართულობას, ამიტომაც ვთქვით მაშინ, როდესაც ამ თემაზე პირველად იყო საუბარი ბიუროს სხდომაზე, რომ ჩვენ წინ გვაქვს სამი სრულფასოვანი განხილვა, როგორც ეს რეგლამენტით არის მოცემული. ამიტომ, ამ განხილვების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ ამომწურავი და რაც შეიძლება სამართლიანი პროექტი დაამტკიცოს პარლამენტმა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანო, ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტით და ღირებულებით, ერთი გახლავთ ადამიანის უფლებები და პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებას, სახელმწიფომ მოახდინოს ამ ადამიანების რესოციალიზაცია. მოერე გახლავთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სხვა მოქალაქეების ინტერესი, რომლებიც გადასახადებს იხდიან და ხელისუფლებას ირჩევენ იმისთვის, რომ მათი ცხოვრება, მათი შვილების ცხოვრება, მათი სახლები და საჯარო სივრცე ამ ქვეყანაში იყოს უსაფრთხო. სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან ღირებულებას და პრიორიტეტს შორის უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული“, – აღნიშნა თალაკვაძემ.