თეა წულუკიანი - ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში
თეა წულუკიანი - ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში

მისასალმებელია, რომ ჩვენი საპარლამენტო გუნდი საზოგადოებას სთავაზობს, შემოვიდეს მკაცრი სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ამომრჩევლის დაშინება ან ხმებით სხვაგვარად მანიპულირება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ ნებას ქვეყანაში გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ის, რომ ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მმართველი პარტიიდან გამოიჩინა საკანონმდებლო ინიციატივა და საზოგადოებას სთავაზობს, შემოვიდეს მკაცრი სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ამომრჩევლის დაშინება ან ხმებით სხვაგვარად მანიპულირება, ასეთი ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ მიდგომას და პოლიტიკურ ნებას, რომ მე-8 წელია, ჩვენს ქვეყანაში ტარდება გამჭვირვალე, დემოკრატიული და სანდო არჩევნები. საარჩევნო სია, რომელიც მანამდე, ძალიან ბევრი წელი იყო კრიტიკის საგანი, დამკვირვებლების ბოლოდროინდელი შეფასებებით აღიარებულია როგორც სანდო. ამ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ხალხი წყვეტს იმ საკითხს, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია. თუ ვინმე მოინდომებს, რომ ეს წესი შეცვალოს, მათთვის სწორედ ამ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება საკმაოდ მძიმე სანქციები“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოვიდა, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.