თეა წულუკიანი - ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრად, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო
თეა წულუკიანი - ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრად, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო

ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მეორე დღესვე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ.

„მინისტრის თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვიყავი, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ დაწყებული არ იყო ის გაუგონარი დარტყმები, რომლებსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა. ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი. ელჩმა გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, გაშალა და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, ამ ხალხს დააფინანსებთო. ეს იყო ძალიან პატარა სია, რომელშიც იყო ყველა, ვისაც ხედავდით და ხედავთ, დღეს რომ ყვირის და უკმაყოფილო იყო ჩემი მმართველობით, ახლა უკვე „ქართული ოცნებით“. ავუხსენი, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რადგან ქართული კულტურა მხოლოდ ეს ხუთი-ექვსი ადამიანი არ არის, გაცილებით ფართოა. როდესაც ვუთხარი, რომ სიაში ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც, მაგალითად, ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, გაკადნიერდა და მითხრა: „თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა, იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის“. საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა, რეალურად, დიალოგი წავიყვანე ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის. ამით ვცდილობ, აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ – კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი ერთი ჯგუფის და ჩვენ აქედან გავთავისუფლდით.

საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მეორე დღესვე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ და ეს იქნება სწორი. სწორედ ამას ითვალისწინებს ვენის კონვენცია, სადაც დიპლომატებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში თავიანთი ქცევის წესები უწერიათ, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.