თეა წულუკიანი - ახალ საგამოძიებო მექანიზმზე დისკუსიები გახსნილია, მაგრამ დევნის ახალ ორგანოზე მსჯელობას არ ვაპირებთ
ახალ საგამოძიებო მექანიზმზე დისკუსიები გახსნილია, მაგრამ კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა საპროკურორო ზედამხედველობა, შევქმნათ თუ არა ახალი დევნის ორგანო, ამაზე უკვე არის პასუხი უარყოფითი და ამაზე მსჯელობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა “მოამბის” ეთერში განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ახალ საგამოძიებო მექანიზმზე დღეს გაიხსნა კონსულტაციები ექსპერტებთან და არასამთავობოებთან, რათა ჩვენ შევძლოთ საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა პარლამენტში.
“თუკი რაიმე რეკომენდაციები და მოსაზრებები იარსებებს, ჩვენ დღეს ერთობლივად შევჯერდით ვადაზე, ეს არის საწყისისთვის ორი კვირა, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავიზიაროთ ის, რაც იქნება საფუძვლიანი შენიშვნა. ფაქტი, რომ ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილი, შევქმნათ ახალი პროკურატურა და დევნის ახალი ორგანო, ეს ვერ შეიცვლება. ამაზე ორი წელია ვსაუბრობ, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციები მაგალითად სოროსის ფონდი დაჟინებულად ითხოვდა შექმნილიყო დევნის ახალი ორგანო, ჩემი პასუხი იყო ყოველთვის უარყოფითი, რადგან ამგვარი სხვა არ ხდება არც ერთ სხვა ქვეყანაში. თუ მე სწორად გავიგე არასამთავრობოების და ოპოზიცის მოსაზრება, მათ სურთ, რომ ეს არა მხოლოდ საგამოძიებო დანაყოფი იყოს, არამედ უნდა იყოს ასევე საპროკურორო ფუნქციებით აღჭურვილი ორგანო, რაზეც არის ჩვენი პასუხი უარყოფითი. როდესაც დღეს დაისვა იგივე შენიშვნა, მე ვიკითხე, რომელ ქვეყანაში არსებობს ასეთი, მათი პასუხი იყო, რომ არც ერთ ქვეყანაში ასეთი არ არსებობს და რაკი ასე არ არსებობს, ეს ტყულად ასე არ არის, არ არსებობს იმიტომ რომ ეს არ არის სწორი”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, თუ შეიქმნება ორ პარალელური სასამართლოს სისტემა, ორი პარალელური პროკურორი, პროკურატურის სისტემას და მაგალითად ორ იუსტიციის სამინისტროს და ორ პარლამენტს, ქვეყანა ინსტიტუციურად ვერ განვითარდება.
„ამ მთავრობის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, ქვეყანაში შევქმნათ ინსტიტუციური დემოკრატია და ეს დემოკრატიული მოდელი, რაც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის შემდგომ შექმნა და დააფუძნა, გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ის ინსტიტუტები გავაძლიეროთ, რაც გვაქვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
“მოამბის” წამყვანის კითხვაზე, ახალი საგამოძიებო მექანიზმი ხომ არ შექმნის ინტერესთა კონფლიქტს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა არსებობდეს.
“ჩვენ კანონპროექტში მაქსიმალურად გვაქვს ჩადებული გარანტიები, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენ კონსულტაციების დღეს იმიტომ გავხსენით, რომ ამ გახსნილი კონსულტაციის ფარგლებში თუკი კითხვის ნიშნები არსებობს მოიხსნას. მაგრამ ფუნდამენტური კითხვა, უნდა იყოს თუ არა საპროკურორო ზედამხედველობა და უნდა შევქმნათ თუ არა ახალი დევნის ორგანო, ამაზე უკვე არის პასუხი უარყოფითი, ამაზე მსჯელობას ჩვენ არ ვაპირებთ. დანარჩენ ყველა საკითხზე კონსულტაციები გახსნილია”, – აღნიშნა წულუკიანმა.