თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთაგან სამი პირი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს
თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთაგან სამი პირი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამი პირი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის.

იუსტიციის მინისტრს კონკრეტული მსჯავრდებულის გვარი არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეწყალებულებიდან სამი პირი სწორედ 109-ე მუხლით იხდიდა სასჯელს.

„მესამე ალბათ ეს არის. არ ვიცი გვარები ზეპირად. ოთხმეზურის საქმე ვიცი კარგად და ამიტომ შემიძლია, დავადასტურო, რომ მისი მკვლელი არის შეწყალებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ასევე პოლიციელის მკვლელობაზე მსჯავრდებული დევაძეა. მესამე მსჯავრდებულის გვარი არ მახსოვს, მაგრამ სამი პირი იყო 109-ე მუხლით ვინც იხდიდა სასჯელს და შეწყალებულია მარიამობის დღესასწაულზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შეწყალების აქტთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურმა სისტემამ მარიამობის წინა დღეს მიიღო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას „სამწუხაროდ, არავითარი კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან არ ჰქონია.“

„როდესაც ეს აქტი ვიხილეთ, ვნახეთ, რომ საუბარი იყო 24 შეწყალებულ პირზე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი პატიმარი არ იყო და იყო 2009-2010 წლებიდან ძებნილი. დანარჩენი 23 პატიმარიდან სამი იყო მკვლელობის მუხლით. დანარჩენი სხვადასხვა მუხლები გახლდათ – ნარკოტიკული დანაშაული, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ამგვარი ტიპის ქმედებები. ასევე, შეწყალებული იქნენ პრობაციონერები. მათთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ გაჩენილა საბედნიეროდ და შეწყალების ეს აქტი შევიდა პრობაციის სააგენტოში ასევე მარიამობის წინა დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.