თეა წულუკიანი - ადამიანებს, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინრობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, დავემშვიდობეთ, ამისთვის ბოდიშს არ მოვიხდი
იმ ადამიანებს, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინრობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, დავემშვიდობეთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
წულუკინის თქმით, ამისთვის ბოდიშს არ მოიხდის. ამასთან, მინისტრმა დაასახელა ის კრიტერიუმები, რომლებსაც მისი აზრით, თანამშრომლები უნდა აკმაყოფილებდნენ.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან, ოთხ მათგანზე გადაწყვეტილება მიღებულია და ოთხივე დავა სამინისტროს სასარგებლოდ გადაწყდა.
„ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს. ორივე რ-ზე იწყება და არაუშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ. დიახ, ეს არის ასე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოთხ საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ. უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე. მე არ მაქვს კრიტერიუმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა. ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის დაუზარებლობა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ გვყავდნენ ადამიანები, ეუბნები, რომ წადი ამა და ამ ძეგლზე, ამოსულია ხე და მას უბრალოდ, ეზარება რომ წავიდეს. ძალიან მრცხვენია ამაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ ვერ ვმუშაობ ასე. ბოდიშს არ მოვიხდი ამისთვის, როდესაც მე არ მეზარება შრომა, მაგრამ თანამშრომელი მყავს, რომელსაც ეზარება შრომა და გასაუბრებაზე მეუბნება, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შემინახოს. აი, ასეთი სისტემა ვერ იქნება, რომელიც უვლის გელათს და სხვა ძეგლებს. ამიტომაც ის ოთხი დავა დასრულდა, დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ. კრიტერიუმი პროფესიონალიზმის, მონდომების ან დაუზარლობის გარდა, არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ელემენტარული პროფესიული და სხვა უნარები, რათა გასწიოს სამუშაო, რისთვისაც არის სამსახურში დასაქმებული. ვფიქრობ, ეს ელემენტარული რამ არის და სამწუხაროა, რომ ამის შეხსენება მიწევს“, – განაცხადა წულუკიანმა.