თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა.
თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეებზე საუბრისას აღნიშნა. წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმის გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ აქციის მონაწილეც იყო. საუბარია ნინო ხუნდაძეზე, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა.
„ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, მას სულ მცირე ის ევალებოდა, რომ იქ ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა და მოეძიებინა, რაც დაკარგული იყო.
„მეტიც, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ხელმძღვანელობისას ბატონი რურუას კაბინეტის მოსართავად ამ ფონდიდან გათხოვებული ჰქონდა და ფონდიდან გატანილი იყო ფერწერული ტილოები. „ქართული ოცნების“ კულტურის სხვადასხვა მინისტრის, მიშა ბატიაშვილის, თუ სხვების დროს ამ ტილოების დაბრუნება დაიწყო და ჩემ დროს დასრულდა. ასევე, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომელსაც ევალებოდა, გამოეთხოვა თავისი ფონდიდან უვადოდ, თუ ვადიანად და ვადადარღვეულად გატანილი ექსპონატები, მაგრამ ის იჯდა და არაფერს აკეთებდა, როგორც დიდი „პროფესიონალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, სხვა გათავისუფლებული თანამშრომლების როლზე საუბარიც მნიშვნელოვანია, თუმცა, ამისთვის ერთი გადაცემა საკმარისი არ იქნება.
„მე ყველა მედიასაშუალებას ვთავაზობ, როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება, ფართო განხილვები მოეწყოს იმ სავალალო შედეგებზე, რომლის თანამონაწილეები ახლა უკვე ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები არიან, რადგანაც ვერავინ იტყვის – მერე რა მოხდა, როცა დაკარგულია ექსპონატები. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ინვენტარიზაციას დავასრულებთ, მასალებს საგამოძიებო უწყებებს გადავცემთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ფონდთან დაკავშირებით ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
„დრო არ გვაქვს, მაგრამ მუზეუმის სხვა ფონდებს რომ შევეხოთ, იქაც არის აღმოჩენილი დაკარგული ექსპონატები, მათ შორის, აღმოსავლეთის ფონდში, არქიტექტურის ქვის ფონდში და სხვაგან, მაგრამ „ნაციონალების“ დროს სწორედ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის გატანილი ფერწერული ნამუშევრები ჩვენს საელჩოში ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება და უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.