თეა წულუკიანი - 2013 წელს ელჩები დიპლომატიურად მეუბნებოდნენ, მოსამართლეების კრიტიკა არ შეიძლება და სამწლიანი პრობაციის პერიოდი გააუქმეთო
2013 წელს ჩემთან ელჩების, უცხოელი მრჩევლების, ექსპერტების რიგი დადგა და ელჩები საუბარში კულტურულად, ცივილიზებულად, დიპლომატიურად მეუბნებოდნენ, მოსამართლეების კრიტიკა არ შეიძლება და სამწლიანი პრობაციის პერიოდი გააუქმეთო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ისინი ასე მელაპარაკებოდნენ, რადგან სუვერენული ქვეყნის მინისტრს არც ერთი ელჩი არ აკადრებს ისე საუბარს, რასაც არასამთავრობო სექტორი აკადრებს. ისე გამოდის, თქვენს ეთერს ექვსი წლის შემდეგ, კულუარული ამბების მოსაყოლად ვიყენებ, მაგრამ ეს ოდესღაც, სადღაც უნდა ითქვას, რადგან ხალხს აქვს უფლება, ეს იცოდეს. არასამთავრობო სექტორის რიგი ჩემთან არ დამდგარა. მათ რიგი არ სჭირდებოდათ, რადგან ჩემზე დარტყმა ტელევიზიიდან დაიწყეს, ნინო შუბლაძის გადაცემის შემდეგ, სადაც ვთქვი, პროკურატურა მტკიცებულებების საფუძველზე კრიმინალებს იჭერს, მაგრამ კუბლაშვილი უშვებს-მეთქი, რადგან საზოგადოების მხრიდან იყო კითხვა, კრიმინალებს, ბაჩო ახალაიას და სხვებს ციხეში რატომ არ ყრითო. ეს იყო 2013, თუ 2014 წელს“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რატომ შეჩერდა მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღა და მოუწია თუ არა მას კომპრომისზე წასვლა, რადგან ამაში ვენეციის კომისია და არასამთავრობო სექტორი ჩაერია.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ის ევროსაბჭოს მაშინდელ ომბუდსმენ ნილს მუჟნეკს და ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს ესაუბრა.
„ვაღიარებ, მე მას დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ვთხოვე, ამაზე საჯაროდ არ ესაუბრა და სამწლიანი პრობაციის შენარჩუნებაში ჩემთვის მხარი დაეჭირა. მე მას ვუთხარი, ეს საშუალებას მოგვცემს, შიგნიდან და გარედან, შევარჩიოთ ის, რაც საუკეთესოა-მეთქი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, მოსამართლისთვის პრობაციის პერიოდი არ ვარგა, მაგრამ რაკი ეს კონსტიტუციაში იყო, მან ამაში სარგებელი დაინახა, რომ ყველა თანაბარ მდგომარეობაში ჩამდგარიყო და კონკურსი ჩატარებულიყო.
„ეს წმენდა არ იყო. თუ რომელიმე მოქმედი მოსამართლე კონკურსს ვერ გაივლიდა, შიგნიდან თუ გარედან, ვინც უნდა ყოფილიყო, ყველა თანაბარ პირობებში იქნებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იყო თუ არა ის ამ ბრძოლაში მარტო, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის მარტო იყო, ბრძოლაში კი, ერთი კაცი ვერაფერს იზამს და ნანობს, რომ მას ეს არ გამოუვიდა.
„იმ ძველ პარლამენტში იყვნენ ადამიანები, ვინც მესპარინგა – ჩემი ძალიან ძვირფასი თანამებრძოლები, რომლებმაც უბრალოდ, აღარ გაიგეს ის, რასაც მე ვამბობდი და თქვეს, ვენეციის კომისია ამას ამბობს და მოდი, დავემორჩილოთო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.