თეა წულუკიანი - 13 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მთავარია, პოლიტიკური პარტიები რას იტყვიან, მათი ქცევა სამოქალაქო საზოგადოებას ჩრდილს აყენებს
13 არასამთავრობო ორგანიზაცია არამარტო პოლიტიკურ ინტერესს ატარებს, ისინი რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„მე არამარტო ვიზიარებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას არასამთავრობოების განცხადებაზე, არამედ ვფიქრობ უფრო მეტს. ეს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია არამარტო პოლიტიკურ ინტერესს ატარებს, ისინი რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან. შესაბამისად, როგორც ჩანს, მათ აქვთ პოლიტიკური ამბიციები, ფორმალურადაც უნდა ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. იუსტიციის სამინისტროს რეესტრში არსებობს პოლიტიკურ პარტიათა რეესტრი და ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ისინი პოლიტიკურ პარტიებად დავარეგისტრიროთ”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 13 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მთავარია, პოლიტიკური პარტიები რას იტყვიან და მათი ასეთი ქცევა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ჩრდილს აყენებს.
„ძალიან ბევრი ბევრი არასამთავრობო მიმაჩნია სერიოზულად, მათი რიცხვი არ არის მხოლოდ 13, ისინი არიან 20-ჯერ 13 თუ არა, მეტი. ისინი არიან მათ შორის მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, დაბებში და აკეთებენ იმ საქმეს, რასაც ჰქვია სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო საზოგადოებრივი საქმე. ის 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას, დამნაშავედ აცხადებს უდანაშაულო ადამიანებს, რომელთა მიმართ განაჩენი არ არის გამოტანილი. 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არაფრად დაგიდებთ ფაქტებს, მათთვის მნიშვნელოვანია მათი გულშემატკივარი პოლიტიკური პარტიები რას იტყვიან, რომ მათ დაკრულზე აცეკვონ. აი, ეს არის მიუღებელი და მათი ასეთი ქცევა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ჩრდილს აყენებს“, – განაცხდა წულუკიანმა.
13-მა არასამთავრობო ორგანზიაციამ გაავრცელა ერთობლივი განაცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშრებით
აღნიშნა, რომ როდესაც 13 არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, 2012 წლამდე სასამართლოში იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე დღეს არისო, ისინი არიან უტიფრები. „ისინი კომიკურ ჩანაწერებს უწოდებენ იმას, რომ თურმე კორუფციის პრობლემაა ქვეყანაში, მტკიცებულების გარეშე – არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, „ნაცმოძრაობა“ ხომ არ ხარ, პოლიტიკური პარტია ხომ არ ხარ მართლა, ფორმალურად მაინც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.