თეა თავართქილაძე - რესპუბლიკური კლინიკა მზად არის მოქალაქეთა მიღებისთვის, მობილიზებულია მთელი პერსონალი
თეა თავართქილაძე - რესპუბლიკური კლინიკა მზად არის მოქალაქეთა მიღებისთვის, მობილიზებულია მთელი პერსონალი

რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის, მობილიზებულია კლინიკის მთელი პერსონალი, მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება

თავართქილაძის თქმით, დღესაც სასწრაფო დახმარებას რესპუბლიკურ კლინიკაში მიჰყავს შესაბამისი ეპიდანამნეზის პაციენტები, სადაც მათი შეფასება და საჭიროებისამებრ გადამისამართება ხდება.

„დღესაც ასე ხდება, სასწრაფო დახმარებას მოჰყავს ჩვენთან პაციენტები, რომელთაც აქვთ მაღალი რისკი, აქვთ მოგზაურობის ან სავარაუდო ვირუსთან შემხებლობის ეპიდანამნეზი. ასეთი პაციენტები მოდიან ჩვენთან, ხდება მათი შეფასება და რისკფაქტორებიდან გამომდინარე, გადადიან საკარანტინო ზონაში, ან თვითიზოლაციაში, ან რჩებიან კლინიკაში. კლინიკა მზად არის, მობილიზებულია მთელი პერსონალი და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის“, – განაცხადა საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავდმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება, ეს იქნება ემერჯენსცენტრი. მან მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც აქვთ საჭიროება, მიმართონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ.