მაია ბითაძე - გაერო-ში როცა ვმუშაობდი, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არასამთავრობოს წარმოადგენდნენ, ამტკიცებდნენ, რომ სვანები მკვიდრი მოსახლეობაა და ითხოვდნენ, ჰესი არ აშენებულიყო
მაია ბითაძე - გაერო-ში როცა ვმუშაობდი, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არასამთავრობოს წარმოადგენდნენ, ამტკიცებდნენ, რომ სვანები მკვიდრი მოსახლეობაა და ითხოვდნენ, ჰესი არ აშენებულიყო

თავს შევიკავებ შეფასებისგან, როგორია მცდელობა, რომ რადიკალიზაცია გააძლიერონ, დეზინფორმაციის ტირაჟირების ახალ საფეხურზე გადავიდნენ, რათა დააზიანონ ქვეყნის ინტერესები, დააზიანონ ის, რასაც სახელმწიფოებრიობა ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ბითაძემ სხდომაზე კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ სვანები წარმოადგენენ მკვიდრ მოსახლეობას“.

„შვიდი წლის განმავლობაში გახლდით გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგზის კონვენციის დამოუკიდებელი თავმჯდომარე, საქართველოს არ წარმოვადგენდი. სამი წლის განმავლობაში მქონდა ასეთი შემთხვევა – ეკონომიკურ კომისიაში, რომელიც ჟენევაში მდებარეობს, იყო გამოგზავნილი რეზოლუციის პროექტები, ხდებოდა პრეზენტაციების წარდგენა, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდნენ, ამტკიცებდნენ, რომ სვანები წარმოადგენენ მკვიდრ მოსახლეობას, რაც საერთაშორისო სამართლის ენაზე ნიშნავს იმას, მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, ამერიკაში ინდიელი არის მკვიდრი მოსახლეობა. დაახლოებით ასეთი პერიფრაზით, რასაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები აღნიშნავს, რომ ეს არის მოსახლე, რომელიც ვიღაცამ ოდესღაც დაიპყრო ან კოლონია იყო და ა.შ. ასე გამოჰყავდათ სვანები და ითხოვდნენ, რომ ჰესი არ აშენდეს. ჰესი შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით არ აშენდეს, მაგრამ მოტივაცია იყო, რომ ჰესი არ აშენდეს, რადგან სვანები არიან მკვიდრი მოსახლეობა. საფუძვლად მოჰყავდათ, სვანეთში გავიარეთ და სვანებს ვკითხეთო, სვანები ეტყოდნენ, ჩვენ მკვიდრი მოსახლეობა ვართო. სამი წლის განმავლობაში, ყველა სხდომაზე მჭირდებოდა დარწმუნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების – სვანს რომ უთხრა, ის ქართველი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი კატასტროფა ჩვენი ერისთვის. საბოლოო ჯამში, მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მადლობა ჰოლანდიელ პარტნიორებს და ასევე გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის მთელ ბორდს, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი პასუხები და რეზოლუციებში ეს ასე არ შესულა“, – განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, მაია ბითაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც საქართველოს პარტნიორები უწევენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„არ დავიღლები მადლობის თქმით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომლებმაც ჩვენ ძალიან ბევრი წარმატება მოგვიტანა, გაგვიადვილა გარდამავალ პერიოდში გარკვეული წარმატებების მიღწევა, მათ შორის იმ კანონმდებლობის შემუშავებაში, რომლისთვისაც აქ მჯდომ ბობოქარ ქალბატონებს არასდროს მხარი არ დაუჭერიათ. მადლობით არ დავიღლები და მჯერა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა ისევე აქტიურად, როგორც დღეს მიმდინარეობს. მაგრამ კითხვა მაქვს ასეთი – ეს კანონპროექტი რომ კანონად იქცევა, გვექნება თუ არა ჩვენ სრული ინფორმაცია, ვინ აფინანსებს, ვინ შეიძლება დააფინანსოს ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაცია და საიდან მოდის ეს დაფინანსება? რატომ ხდება ისე, რომ ქართული ეროვნული ინტერესების დისკრედიტაცია ხდება უცხოური ფულის გამოყენებით? დონორებთან როდესაც გავიარეთ ეს საკითხი, ისინი ამბობდნენ, ეს ჩვენს პოზიციას არ წარმოადგენსო. ერთ შემთხვევაში ჩვენ მივაკვლიეთ, ვინ იყო დამფინანსებელი, ეს იყო ჰოლანდიის მთავრობა. ჰოლანდიის მთავრობასთან ეს საკითხი გაირკვა, მაგრამ მეორე შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადგინეთ, ვინ იყო დამფინანსებელი. იყო მოსაზრება, რომ თანხები მოდიოდა საიდანღაც, სამხრეთიდან. შესაბამისად, დარჩა კითხვის ნიშნად დღემდე როგორც ჩემთვის, ასევე ძალიან ბევრი იმ საჯარო მოხელისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მე ძალიან ბევრი სხვა მაგალითის მოყვანაც შემიძლია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დავიღლები, რომ მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს იმ დიდი დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ ჩვენ იმ გზაზე, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ბითაძემ.