თეა ახვლედიანმა სოფელ ყიზილაჯლოსა და წოფში პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თეა ახვლედიანმა სოფელ ყიზილაჯლოსა და წოფში პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს ესტუმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა სოფელ ყიზილაჯლოსა და წოფში მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მოსწავლეებსა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ყიზილაჯლოში რეაბილიტირებული აზერბაიჯანულენოვანი და სოფელ წოფში ინტეგრირებული სომხურ-აზერბაიჯანული ახლად აშენებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მშობლებს გაესაუბრა.

„შთამბეჭდავია ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სასწავლო წლისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებები და შექმნილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და საუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნას. ეს კი, ამავდროულად ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მიმართებაში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს, ჩვენი ახალგაზრდების საკეთილდღეოდ და მათთვის წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად. მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომეცა შესაძლებლობა, აქედან მივულოცო სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით სოფელ ყიზილაჯლოსა და წოფის პირველკლასელებს, რომლებიც იწყებენ მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

სასწავლო პროცესის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა და სკოლებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.