თეა ახვლედიანმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
„სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, ასევე აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
ნორვეგიის სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.