თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ ელექტრონულ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ ელექტრონულ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელი და ღრმა მწუხარებით გამოვხატო სამძიმარი ჩვენი კოლეგის, პატივცემული ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების გამო, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებდა.
ნიკ ბერესფორდის სახით ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალი და გამოცდილი დიპლომატი, არამედ შესანიშნავი ადამიანი – ერთდროულად დაჯილდოებული ნიჭითა და მოკრძალებით, სიკეთითა და განსაკუთრებული იუმორის გრძნობით.
ნიკ ბერესფორდი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის რანგში განხორციელებული მხარდაჭერითა და შეტანილი წვლილით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო როგორც მშვიდობის მშენებლობის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის განზომილებით. მისი პირადი ძალისხმევა და აღსანიშნავი თანამშრომლობა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
მსურს, გულითადი თანაგრძნობა გამოვთქვა ნიკ ბერესფორდის ოჯახის და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის გამო,“ – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის სამძიმრის წერილში.