თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება და წარმატებები უსურვა. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა EUMM-ის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება. საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ხედვებს.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებზე და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ერგნეთის ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების, ასევე გალის მექანიზმის აღდგენის აუცილებლობას.

თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ძალზე მნიშვნელოვნად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქართული მხარის ძალისხმევა ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში და ამ კუთხით სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.