თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში 2023 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები გააცნო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეა ახვლედიანმა შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შეხვედრაზე, სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსა და პარტნიორი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, განხილულ იქნა სამოქალაქო ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული თითოეული თემატური მიმართულებით მიღწეული შედეგები და პროგრესის დინამიკა, ასევე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები და მიმდინარე აქტუალური საკითხები.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა თითოეული სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევისთვის, ასევე ინტეგრაციის მხარდამჭერი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების ეფექტიანი განხორციელების პროცესში დარგობრივ სახელმწიფო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთიანი სამთავრობო კოორდინირებული მიდგომის მნიშვნელობაზე. თეა ახვლედიანმა ასევე ხაზი გაუსვა საქმიანობის შეფასებისა და ქმედითი სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და ინკლუზიური პროცესების წარმართვის მნიშვნელობას.
„სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ვფიქრობ, წარმატებით დავამკვიდრეთ მასშტაბური შეხვედრების გამართვის და აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის წარმართვის ტრადიცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის თემებზე. დღევანდელ შეხვედრაზე, ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან, დეტალურად განვიხილეთ 2023 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიში და ჩვენი შემდგომი საქმიანობის პრიორიტეტები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წელს ჩვენ დავიწყებთ მომდევნო ორწლიანი ეტაპის დაგეგმვას 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების მიზნით. დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო და არსობრივი დისკუსია, რაც დიდწილად წარმოაჩენს სამოქალაქო სექტორის, ექსპერტების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ლია გიგაურმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები წარედგინათ. შეხვედრაში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და ადამიანის უფლებათა საკითხებში სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.