თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტი „ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა“ გახსნა
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტი – „ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივას, რომელიც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სახელმწიფო მინისტრმა ამ კონტექსტში აღნიშნა უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობა. მან ხაზი გაუსვა პროექტის მონაწილე ახალგაზრდების როლს, რომლებიც სპეციალური გადამზადების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
„ჩვენი თანამოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რაც ამავდროულად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.
პროექტის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდები, თანატოლგანმანათლებლები, თავდაპირველად გაეცნობიან უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სერვისებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს. ამავდროულად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა განივითარონ საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. პროექტის შემდგომ ეტაპზე, ტრენერთა სკოლის მონაწილეები თავად გახდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და შეხვედრებს, საჭიროებისამებრ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე ჩაატარებენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის პირველი კომპონენტი მოიცავს ტრენერთა ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები შეხვდებიან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს და მიიღებენ ინფორმაციას უფასო იურიდიული დახმარების სერვისების შესახებ. პროექტის შემდგომ ეტაპზე, ახალგაზრდები უფასო იურიდიული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სასკოლო საზოგადოებასთან და სოფლების რწმუნებულებთან. შეხვედრები ჩატარდება ასევე, ბოშათა თემის წარმომადგენლებთან საქართველოს მასშტაბით.