თეა ახვლედიანმა მარინა კალიურანდთან და სვენ მიქსერთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან და საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრა გამართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას.
„შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე, საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვები.
ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.