თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე- შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს გააცნო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის, ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, საპარლამენტო დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესის მიმართ.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.