თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში ტრენინგ-სემინარი „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში მისასალმებელი სიტყვით გახსნა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“.
„ევროპის დღეების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ ტრენინგ-სემინარზე თეა ახვლედიანი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებზე, მიღწეულ შედეგებსა და დასახულ გეგმებზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ახალგაზრდების გაძლიერება, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მისი გავრცელების პრევენციისა და მედიაწიგნიერების საკითხებს. ამასთან, თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.
„ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების წევრებთან მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ვაგრძელებთ ტრენინგ-სემინარების, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემატიკაზე. დღევანდელი ღონისძიებაც, სახელწოდებით „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, რომელშიც ქართველებთან ერთად მონაწილეობენ აზერბაიჯანული, სომხური, უდიური, ასირიული და ბერძნული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები, ევროპის დღეების აღნიშვნის კონტექსტში ხორციელდება და სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, აქცენტს გააკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების როლის და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობასთან ერთად, ეს ორდღიანი სემინარი შექმნის სხვადასხვა ეთნოკულტურის წარმომადგენელთა შორის მეტი კომუნიკაციის, ერთმანეთის უკეთ გაცნობის და დაახლოების შესაძლებლობებს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ასევე, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ, საქართველოში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა, ბესარიონ ბოხაშვილმა და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ.
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, ღონისძიება დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს თელავში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთობლივი თანამშომლობით, UNDP-ის მხარდაჭრით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რათა ცნობიერება აიმაღლონ დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსების მიმართულებით, იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ მათ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებისა და იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენი თანამშრომლობა ამ ტრენინგის მიღმა ბევრ სხვა აქტივობას მოიცავს, რომლებიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ხორციელდება“, – განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ორდღიანი ტრენინგ-სემინარი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირი (EU), გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
ტრენინგ-სემინარში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.