თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი თემაზე - „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, მისასალმებელი სიტყვით გახსნა
თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი თემაზე - „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, მისასალმებელი სიტყვით გახსნა

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ორდღიანი ტრენინგ-სემინარი ახალგაზრდებთან არაფორმალური შეხვედრით დაიწყო და ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ სემინარზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მინისტრმა ტრენინგის ძირითადი თემატიკა და მიზნები გააცნო; თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და დასახულ გეგმებზე.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მისი გავრცელების პრევენციისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად. ამასთან, მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლის გაძლიერებასა და ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესებში. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. თეა ახვლედიანმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების ციკლის განხორციელებას არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან, რომლის ძირითადი მიზანია ჩვენი საქმიანობის თაობაზე, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე ჩვენი ახალგაზრდების ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება, მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის და როლის გაზრდა. ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ მხარს გვიჭერს საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა, ადამიანის უფლებათა გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი და პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, ანა ჩერნიშოვამ, საქართველოში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენელმა, ბესარიონ ბოხაშვილმა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ აღნიშნა, რომ ციფრული სამყაროს პირობებში ახალგაზრდები, ქალები და უმცირესობათა წარმომადგენლები დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის პირველადი სამიზნე ჯგუფი არიან. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სათანადოდ შეაფასა ეს საფრთხე და 2021 წელს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დღე დააწესა, რომელიც 18 ივნისს აღინიშნება. გაერო-მ ასევე შეიმუშავა მსოფლიოს საზოგადოებებში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სტრატეგია და ამ მხრივ შესაბამისი ვალდებულებებიც აიღო.

„ევროკავშირის ხელშეწყობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად, ვაგრძელებთ ახალგაზრდული სემინარების ციკლს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენი შეხვედრები ქმნის სადისკუსიო პლატფორმას, სადაც ახალგაზრდები მსჯელობენ ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ისწავლონ ინფორმაციისა და სოციალური მედიის კომპლექსურ სამყაროში ნავიგაცია და დეზინფორმაციის ამოცნობა. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ახალგაზრდები, რათა მათთან ერთად ავაშენოთ ჩვენი ერთობლივი მომავალი და შევქმნათ უფრო თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოება“, – განაცხადა ჩერნიშოვამ.

ტრენინგ-სემინარი კულტურულ კომპონენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან 35 ახალგაზრდა პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიას ნაკრძალს ეწვია.

კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის (EU), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით ჩატარდა.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.