თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის. თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებულ, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შექმნას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.
თავის მხრივ, დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, მის გავლენაზე გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.