თეა ახვლედიანმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. გლოვის ამ მძიმე დროს გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოსა და ერთა თანამეგობრობის ხალხს.
მისი უდიდებულესობის ხალხისადმი განსაკუთრებული მზრუნველობითა და ღირსეული მსახურებით გამორჩეული მმართველობის პერიოდი როგორც ისტორიაში, ასევე თითოეული ადამიანის გულში დაიმკვიდრებს უმნიშვნელოვანეს ადგილს“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის სამძიმრის წერილში.