თეა ახვლედიანმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანისთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანისთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.
თეა ახვლედიანმა ეუთო-ს თავმჯდომარეს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე; ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესზე, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება.
„უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს განსაკუთრებული როლის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის გაცხადებული პრიორიტეტები სრულად ეხმიანება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩართულობისა და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებსა და მიზნებს, რაც უკავშირდება მშვიდობის მშენებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას, ასევე ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას ჩართულობისა და ნდობის აღდგენის გზით. სწორედ ამ მიმართულებებზე გავმართეთ მსჯელობა შეხვედრისას, გავცვალეთ ხედვები და მოსაზრებები, ასევე განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხის ჩათვლით,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთო-ს მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.