თეა ახვლედიანმა ბრიტანულ კვლევით ცენტრთან აგვისტოს ომზე, მის შედეგებზე და ოკუპირებულ რეგიონებში დამძიმებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიტანულ კვლევით ცენტრთან Council on Geostrategy 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, ომის შედეგებზე, საერთაშორისო საზოგადოების როლზე, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, რითიც, ასევე, შეარყია ევროპული უსაფრთხოების წყობა და ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესია, იყო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და ამბიციების აშკარა გამოხატულება და მცდელობა – შეენარჩუნებინა გავლენის სფეროები რეგიონში, შეეზღუდა დამოუკიდებელი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული სუვერენული არჩევანი და ხელი შეეშალა დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ეს იყო ძალიან საშიში პრეცედენტი, რომელმაც მოგვიანებით ცხადყო, რომ საქართველო არ იყო ცალკეული, განყენებული შემთხვევა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას, რითაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.
„ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას, რაც გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით და სხვა უკანონო ქმედებებით.
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებთან ერთად, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობა და ნდობის აღდგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რასაც ემსახურება ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ჩვენი მოქმედების ფორმულა არის ნათელი: დროებით აღმართულ კედლებსა და ფიზიკურ ბარიერებს ვუპირისპირდებით სამშვიდობო ინიციატივებითა და გაზრდილი ძალისხმევით, რათა დავძლიოთ საზოგადოებების გახლეჩვის პროცესი. მიუხედავად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვიკაციული ქმედებებისა, რომელიც პანდემიის პირობებშიც არ შეწყვეტილა, და მცდელობისა – მოახდინოს საქართველოს ორივე რეგიონის ხელოვნური იზოლირება დანარჩენი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ვითარდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რისკენაც მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.