თეა ახვლედიანმა ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალაქ ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა.
სახელმწიფო მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეკრებილ საზოგადოებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიები უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და მათ შორის მოიცავს სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ ისეთ საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენენ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე.
თეა ახვლედიანი ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სოფლების: ტალავერის, ჭაპალას, ნახიდურის, ქვემო და ზემო ოროზმანისა და მთისძირის მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურ ძალისხმევას განაგრძობს, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ფლობდეს ინფორმაციას ყველა აქტუალური საკითხის შესახებ და სათანადოდ იყოს ჩართული მნიშვნელოვან პროცესებში.
„სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება ხელი შევუწყოთ თანაბარი შესაძლებლობების შექმნას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ბოლნისში ჩვენ გავხსენით დღეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთელს ქვემო ქართლის რეგიონს მოიცავს და ითვალისწინებს მოსახლეობის ინფორმირებას სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების თაობაზე. ამასთანავე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დღეს უკვე ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში გავმართეთ შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, სადაც გავაცანით მოსახლეობას ჩვენი ახალი ხედვები და ინიციატივები და მოვისმინეთ მათი საჭიროებები და მოსაზრებები,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.