შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გზით. თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ა.წ. 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებისთვის და, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევასთან ერთად, აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების როლის მნიშვნელობა უკანონოდ დაკავებული მეორე მოქალაქის უმოკლეს ვადაში გათავისუფლების მიზნით.
სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მძიმე თანმდევი შედეგები, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავების, ასევე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით. საუბარი აგრეთვე შეეხო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ხედვებს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, ასევე აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.