თეა ახვლედიანმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. სახელმწიფო მინისტრი კუმურდოს, კიროვოკანის, ბავრას, ხულგუმოს, კარტიკამის, ხოსპიოს, სათხეს, ოროჯოლარის, დიდი და პატარა არაქალის სოფლების მოსახლოებას შეხვდა. თეა ახვლედიანმა ადგილობრივებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთან, მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრების და პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და მათ სამედიცინო პირბადეები გადასცა.
დაგეგმილ შეხვედრებს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ორი დღის განმავლობაში გავმართეთ შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ათზე მეტი სოფლის მოსახლეობასთან, სადაც განვიხილეთ მათთვის აქტუალურ საკითხთა ფართე სპექტრი, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა, ასევე ჩვენი ახალი ინიციატივები და გეგმები, რომლებიც ძირითადად მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე ორიენტირებულია განსაკუთრებით ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების მნიშვნელობაზე, რაზეც უაღრესად მოხარული ვარ, რომ შეკრებილი საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოვლინდა. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრები, რისთვისაც მადლობას ვუხდი პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას და რა თქმა უნდა რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიზიტის ორგანიზებაში ჩვენი თანადგომისათვის,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.