თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ აღავლინა.
„დღეს ჩვენ გორში ვიხსენებთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს მოვლენებს, რაც, 16 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით განხორციელებულ ჩვენი განუყოფელი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასთან ერთად, უკავშირდება ადამიანური ტრაგედიების და უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილს. ჩვენ მუდამ მოვიხრით ქედს ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირების წინაშე, ვინც თავი შესწირა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას. მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგო მათ ხსოვნას და გულწრფელად გამოვუცხადო სამძიმარი ამ გმირების აღმზრდელ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების სრული უგულებელყოფით დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში უკანონო ოკუპაცია, რომელთანაც და მის თანმდევ უმძიმეს შედეგებთან გამკლავება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, რომლის დაძლევას ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ერთიანი სამთავრობო მიდგომით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მე მტკიცედ მჯერა, რომ ამ თანმიმდევრული პოლიტიკით, მშვიდობის განმტკიცებით, ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლითა და განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს – საოკუპაციო ხაზების უპირობო რღვევას და ომით დაშორებული ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღდგენას ერთიან და ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.