თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის თვალსაზრისით.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის მიმდინარეობა, განხორციელებული საქმიანობა, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე, სახელმწიფო უწყებების მეტად გაზრდილ როლსა და შესაბამისი ფუნქციების განხორციელების გზებზე.
„უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა დარგობრივ უწყებასთან ერთად, დღეს ჩვენ განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი შედეგები, რასაც მივაღწიეთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთიანი ძალისხმევით. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო ხედვაზე, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო უწყებების როლის შემდგომ გაძლიერებაზე და პროცესში ცენტრალურ ადგილს ოჯახებს ანიჭებს, რათა კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა და მათი ოჯახების ხანგრძლივი მოლოდინის დასრულება შევძლოთ. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილეთ და შევაჯერეთ ოჯახების თანადგომის ფუნქციის აღსრულების კონკრეტული გზები და უახლოეს დღეებში დაგეგმილი ღონისძიებები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.