სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინტენსიურად იყენებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები, აღდგეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და გაუმჯობესდეს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გავზარდოთ კონფლიქტის მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას. აქვე, მადლიერებას გამოვთქვამ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯებისა და ინიციატივების მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად იყენებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები, აღდგეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და გაუმჯობესდეს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ჩვენ განვაგრძობთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. სწორედ დღეს ერგნეთში მიმდინარეობს IPRM-ის შეხვედრა, რაც მორიგი შესაძლებლობაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, განვიხილოთ ადგილზე შექმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. ასევე, განვაგრძობთ კონსოლიდირებულ ძალისხმევას გალში IPRM-ის შეხვედრების უპირობო აღდგენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, მინისტრის აპარატი იწყებს ჩართულობის განახლებული სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ასახავს ახლებურ მიდგომებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
„წამოწყებული ინიციატივები უდავოდ გაგრძელდება. თუმცა, მემკვიდრეობითობის მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვასთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია ხელისუფლებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენი ხედვის რეგულარული ადაპტაცია სწრაფად ცვალებად რეალობასთან. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი რეგიონებისა და მისი მაცხოვრებლების სრულ იზოლაციას დანარჩენი საქართველოსგან, რაც მათ შორის მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას, განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს პროცესები ქმნის შემდგომ გამოწვევებს, საჭიროებს მუდმივ ანალიზზე დამყარებულ განახლებულ მიდგომებს, რაზეც ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას, ჩვენი ფასეულობების, რესურსებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
აღნიშნული მიზნით, ჩვენ განვაახლეთ 2011 წელს შექმნილი სამთავრობო კომისიის საქმიანობა სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით და დავიწყეთ ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი. არსებული სტრატეგიის დოკუმენტი აღარ მოდის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან და სრულად ვერ პასუხობს არსებულ საჭიროებებს.
შედეგად, უკვე დასრულებულია 2010 წლის ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც მომზადდა სტრატეგიული გადახედვის პირველ ეტაპზე და მის საფუძველზე, საერთო ძალისხმევით, ვიწყებთ განახლებული სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ასახავს საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
მინისტრის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება ქალთა გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდას.
„მოგეხსენებათ, ქალები არა მარტო განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მისი შედეგების თვალსაზრისით, არამედ მათ ასევე გამორჩეული როლი აკისრიათ კონფლიქტის პრევენციისა და ზოგადად, სამშვიდობო პროცესებში. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერება, ისევე, როგორც კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა საჭიროებების გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შეიქმნა ქალთა საკონსულტაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობით გავაძლიერებთ ძალისხმევას, ამ მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მინისტრის თქმით, მისმა უწყებამ უკვე შექმნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიონალ ექსპერტთა მონაწილეობით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და ქმედებები.
„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიას, აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის შერიგების პოლიტიკის განხორციელების და მისი სტრატეგიული გადახედვის პროცესში. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პარლამენტის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ მიღებული სპეციალური რეზოლუციის უდიდეს მნიშვნელობას, ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანი გატარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.