თეა ახვლედიანი - უწყვეტ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან
უწყვეტ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, კომუნიკაცია არის ორმხრივი.
„სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია არის ორმხრივი, თუმცა ვერ გავასაჯაროებთ ამ დიალოგის დეტალებს.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეგულარულად და ინტენსიურად მიმდინარეობს ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე, არა მხოლოდ გამყოფი ხაზის მიღმა, არამედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ კუთხით, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამას და მექანიზმს, რომელიც შეეხება ჯანდაცვას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამასთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისათვის, რომ ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამარტივება. „კოვიდ“-პანდემიის პირობებშიც კი, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი არაფორმალური კომუნიკაციის გზით მიაღწიეთ პროგრესს და ამ კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებიც დავაგროვეთ. შევძელით გადმოგვეყვანა 1 000-ზე მეტი სტუდენტი, რომელმაც შეუფერხებლად განაგრძეს განათლება კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გაჩერებულა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რეფერალური ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ რეგიონს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება ანალოგიური დახმარების გაწევა, მათ შორის ახალგორში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.