თეა ახვლედიანი - უმნიშვნელოვანესია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი
თეა ახვლედიანი - უმნიშვნელოვანესია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი

უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

„პირველ რიგში, მადლიერებას გამოვთქვამ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების და ინიციატივების მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თითოეულ უცხოელ დიპლომატს და კოლეგას, რომლებთანაც გასული წლის მანძილზე, ინტენსიური თანამშრომლობით, პარტნიორობითა და თანადგომით მივაღწიეთ პროგრესს შესაბამისი მიმართულებებით.

ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას და რეგულარულ კონსულტაციებს, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-თან ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატებისა და სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების ფარგლებში; ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას“, – აცხადებს თეა ახვლედიანი.